29 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
მარიუპოლის ბლოკადა ომის დანაშაულების ისტორიაში შევა, რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის - ზელენსკი

ომის 25-ე დღე უკრაინაში - განგაშის სიგნალი კიევში დილით ისევ ჩაირთო, მანამდე გამაფრთხილებელი ხმა 15-მდე ოლქში ისმოდა. ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვი, ადგილი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს. ამასთან, ხარკოვის პოლიციის განცხადებით, რეგიონალურ ცენტრში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვია.

გავრცელდა ახალი კადრები მარიუპოლიდანაც. მასალაში ჩანს რა ზიანი მიადგა ქალაქს, სადაც ამ დრომდე რუს ჯარისკაცებს ტყვეები ჰყავთ აყვანილი, დაიბომბა სამხატვრო სკოლა. უკრაინული მხარის ცნობით, აქ დაახლოებით 400 ადამიანი აფარებდა თავს. მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ამასთან, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მთავარი პრობლემა უწყლობაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხი წყალს გუბეებიდან სვამს ან ადნობს თოვლს.

"24-მა დღემ გაიარა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 25-ე დღე დაიწყო ოკუპანტების აგრესიის ფონზე ჩვენს სამშობლოში. ჩვენ ვაგრძელებთ თავის დაცვას, ვანადგურებთ მათ ტექნიკას. უკრაინელი გმირი სამხედროები 25-ე დღეა იბრძვიან მტრის წინააღმდეგ თავისი ხალხის და სამშობლოს დასაცავად. რას აკეთებენ ამ დროს ოკუპანტები? რუსეთი ბომბავს მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, ალყაში აქცევენ ქალაქებს.

მარიუპოლის ბლოკადა ომის დანაშაულების ისტორიაში შევა. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ.

რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს ეფექტურ წინააღმდეგობას უწევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 3 რუსული საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

"ჩვენი დამცველები აგრძელებენ ეფექტურ წინააღმდეგობას ოკუპანტებისთვის. სამი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

დღის განმავლობაში მტერს არ ჩაუტარებია აქტიური შეტევითი ოპერაციები, აქცენტი გაამახვილა მიმდინარე დანაკარგების შევსებაზე, ნაწილობრივ განადგურებული ტექნიკების აღდგენაზე, უცხოელი დაქირავებულების გადაყვანაზე უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში, უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების ქრონიკული პრობლემების გადაჭრაზე, ლოჯისტიკაზე.

ოკუპანტები ტერორისტულ მეთოდებს იყენებენ მკაცრი ადმინისტრაციული და საპოლიციო რეჟიმის დასაწესებლად, შეგნებულად ქმნიან პირობებს ჰუმანიტარული კრიზისისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, წუხელ ხერსონის რაიონში დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოდან 14 სატვირთო მანქანა დატოვა საკვები პროდუქტებით და პირველი საჭიროების მედიკამენტებით. რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული კოლონა უმიზეზოდ არ გამოტოვეს. ამ გზით ისინი ცდილობენ აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა თანამშრომლობისკენ. დამპყრობლები ავრცელებენ ბუკლეტებს საოკუპაციო ადმინისტრაციასთან დაკავშირების წინადადებით. მოქალაქეებს საკრედიტო ვალების გაუქმებას ჰპირდებიან, ადგილობრივ მეწარმეებს კი ბიზნესის კეთების უპირატესობა ენიჭებათ.

ცნობილი გახდა, რომ 331-ე გვარდიის პარაშუტის სადესანტო კოსტრომა პოლკის გაერთიანებული რაზმიდან ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობდა კიევის მიმართულებით ბრძოლებში, გადარჩა და საავადმყოფოშია," - აცხადებს უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის განმარტებით, დღეისთვის იგეგმება 7 ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედება, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება: მარიუპოლში, კიევის ოლქში და ბორდიანსკში. ხარკოვის მიმართულებით გაიგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, საუბარია პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. ვიცე-პრემიერი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დამოუკიდებლად გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.​

დღის ამბები