06 მაისი 2024,   21:30
ვრცლად
ოკუპანტებმა გამთენიისას ქალაქ მიკოლაევში მეზღვაურთა ბანაკი დაბომბეს - მსხვერპლი დიდია

უკრაინაში შეტევების ინტენსივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, გასულ დღეებთან შედარებით იკლო, თუმცა არის სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შემთხვევები - სასულიერო სემინარია დაიბომბა ირპენში, მოხუცთა თავშესაფარი ლუგანსკში. საოკუპაციო ძალებმა სცემეს მშვიდობიან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე. ბერდიანსკში ასობით ადამიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა. მერის მოადგილე გაიტაცეს ენერგოდარში, აქაც მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ერთ-ერთი დარტყმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევში მეზღვაურთა ბანაკს მიაყენეს. დარტყმა გამთენიისას განხორციელდა, მაშინ, როდესაც მეზღვაურებს ეძინათ და საკმაოდ დიდი მსხვერპლია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ერთ-ერთი სისხლიანი თავდასხმა იყო.

"საფრანგეთისა და ამერიკის ლიდერებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ აქ რა ხდება. ეს ქალაქის ნარჩენებია, რომელიც დარჩა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების დაბომბვისგან. თქვენ ამბობთ, რომ დაგვეხმარებით, მაგრამ როდის? პუტინი ყოველდღე ხოცავს ბავშვებს, მოხუცებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, ქალებს, ანადგურებს ქალაქებს. გთხოვთ უკრაინას მიეცით დაცვის საშუალება, დაკეტეთ ცა, რომ გადარჩნენ ადამიანები, გთხოვთ," - აცხადებს უკრაინელი სამხედრო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ცდილობს.

"ომის 25-ე დღე აქტიურ ფაზაშია. რეალურად რუსეთი წინ ვერ მიიწევს, მაგრამ ახორციელებს საჰაერო დარტყმებს არაერთ ქალაქზე და ეს დარტყმები ხორციელდება უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხის დახოცვას და სამწუხაროდ ეს რეალობაა. ჩვენი ინფორმაციით რთული ვითარება რჩება ხერსონში, ხარკოვში, ლუგანსკის ოლქებში. ასევე მინდა გითხრათ, რომ რუსეთის არმია სრულად მოუმზადებულია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით," - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

დღის ამბები