07 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ლუგანსკში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ხანდაზმულთა სახლს გაუხსნეს, რასაც 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - გადარჩა მხოლოდ 15

საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა ხარკოვშიც, საჰაერო იერიშის სამიზნე სასულიერო სემინარია გახდა ირპენში, ლუგანსკში კი საოკუპაციო ძალებმა ტანკი მოხუცთა თავშესაფარს მიაყენეს და ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა 56 მშვიდობიანი მოქალაქე. მოხუცებულთა სახლში მყოფი პირებიდან გადარჩა მხოლოდ 15.

ომის 25 დღის განმავლობაში უკრაინული მხარის ინფორმაციით, 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათგან 115 ბავშვია. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში საკუთარი სახლი ათ მილიონამდე ადამიანმა დატოვა. 

პარალელურად, მიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ სამხედრო ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყაზარმაში სულ მცირე 200 სამხედრო იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანა. ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლებას მიკოლაევის ყაზარმის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია.

უკრაინის 5 ქალაქიდან დღეს ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდა და მოსახლეობამ ტერიტორიის დატოვება მოახერხა. ქალაქ სუმის ბავშვთა სახლიდან კი უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით 71 ბავშვი გაიყვანეს. ჩვილები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბუნკერში იმყოფებოდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე კი, უკრაინელები საკუთარი სამშობლოს დაცვას განაგრძობენ. ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის არმია სრულიად მოუმზადებელია და ბრძოლისას მხოლოდ ხალხის სიმრავლეზე აკეთებს აქცენტს.

 

დღის ამბები