03 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
დაბომბილი კორპუსები, სკოლები და საბავშვო ბაღები - რუსეთის საჰაერო დარტყმას კიევში 8 ადამიანი ემსხვერპლა

ომის 26-ე დღე უკრაინაში - რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ რამდენიმე დიდი ქალაქია, მათ შორის კიევი, რომელზეც რუსეთი სარაკეტო და საარტილერიო იერიშს ახორციელებს. ამჯერად დაიბომბა დედაქალაქის ისტორიული უბანი. მას შემდეგ, რაც ადგილზე მაშველები, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, რუსეთმა იმავე ადგილზე კიდევე ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი სწორედ იმ ადგილას იყო მისული, სადაც აფეთქება მოხდა. რუსული რაკეტა პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრს კიევის დროით ღამის 12-ის ნახევარზე მოხვდა, პირველ აფეთქებას რამდენიმე წუთში მეორე მოყვა და იქ მდებარე მაღაზიებს ხანძარი გაუჩნდა. 
 
რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა ადგილზე 8 ადამიანი მოკლა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 20-ზე მეტმა მოქალაქემ. აფეთქების ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ სავაჭრო ცენტრის ირგვლივ მდებარე 6 კორპუსი, ორი სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა. სამი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან კორპუსებს მოქალაქეებისთვის ხიფათის შემცველი დაზიანებები აქვს.
 
ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ძებნას მაშველები მთელი დღის განმავლობაში განაგრძობდნენ. დილიდან აფეთქების ადგილას გამნაღმველების დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ და ყველას ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.
 
დაბომბილ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მეორე რაკეტის აუფეთქებელი ნაწილი გააუვნებელყვეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ სიკვდილს, რომ ბუნკერში იყვნენ, სახლში დარჩენა ურჩიეს. რუსული რაკეტის აფეთქებისგან დარჩენილ ნანგრევებს მაშველები ამ დრომდე წმენდენ.
 
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რუსეთი კიევის ალყას შეეცდება, თუმცა, რუსული ჯაროს მოძრაობა, ამ დროისთვის, შეჩერებულია. 
 
ძირითადი ძალა დედაქალაქიდან 25 კილომეტრშია დგას. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს "Wall street journal"-ი. წყარო ამტკიცებს, რომ რუსეთი უარს იტყვის კიევის აღებაზე და შეეცდება აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები შანტაჟისთვის გამოიყენოს. 
დღის ამბები