06 მაისი 2024,   17:49
ვრცლად
დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული, მშვიდი და მწყობრი პასუხები შეკითხვებზე - სალომე სამადაშვილი

მესამე სექტორის 6-პუნქტიანი მიმართვა პოლიტიკური განხილვის საგანია - ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებს იზიარებს, თუმცა განსხვავებულია "ქართული ოცნების" შეფასება. მმართველი გუნდი ავტორ ორგანიზაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან კავშირში ადანაშაულებს.

მესამე სექტორის განცხადების თანახმად, მთავრობა მკაფიო უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე უნდა განაცხადოს, რომ ერთგულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმის.

"დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული, მშვიდი და მწყობრი პასუხები შეკითხვებზე თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში და ასევე, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება, რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში თავი ვიგრძნოთ დაცულად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული პასუხები, მათ შორის, იმასთან, თუ რა შესაძლო გამოწვევები არსებობს და რა გეგმა არსებობს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად," - განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, დასავლელი პარტნიორების და მათ შორის, უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან სრულ თანხმობაში მოდის. მისივე თქმით, ხელისუფლების პირველივე განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ ის უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

"ეს არის პოლიტიკური მესიჯი უკრაინის მხარდაჭერისა და ეს არ ნიშნავს, რომ ახლა რუსეთში არ იყიდი ხორბალს, არ შემოიტან ნავთობს და რუსეთში არ გაყიდი ღვინოს, არა. მსოფლიო სანქციები სულ სხვა რამეს ითვალისწინებს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ნაბიჯსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აფუძნებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და შესაბამისად, თალაკვაძისვე თმით, საქართველომ ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ომი, სამხედრო აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია უცხო ქვეყნის მხრიდან.

"ვფიქრობ, რომ აქ  აჟიოტაჟი არის ხელოვნურად ატეხილი, ცალსახად ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე შეინარჩუნონ თავი და დღეს, როდესაც უკვე ომია უკრაინაში, ისინი ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი გაატანონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად გადაიქცა მეხუთე კოლონად და ამ მეხუთე კოლონას ჰყავს თავისი სოლისტები, შემსრულებლები, მის მიერ კონტროლირებადი მედია," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩახედული საქმის კურსში და არ იციან პროცესის დეტალები, მათგან ასეთ ზედაპირულ კრიტიკას ვერ მიიღებენ.

დღის ამბები