25 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
შესაძლოა თუ არა ომი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაშიც დაიწყოს - პოლონეთი "რუსული აგრესიის" საპასუხოდ ემზადება

შესაძლოა თუ არა საომარმა მოქმედებებმა უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთში გადაინაცვლოს? - როგორც ჩანს ამ საფრთხეს ხელშესახებად აღიქვამენ თავად პოლონეთში, რადგან ქვეყანამ წინააღმდეგობის გაწევისთვის მზადება დაიწყო. პოლონეთში უკვე მიიღეს კანონი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად. პარალელურად ოფიციალური ვარშავა ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს ჯაშუშობისთვის გააძევებს. პრეზიდენტი ანჟეი დუდა კი, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ჰიტლერს ადარებს, NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხსაც დააყენებს.

პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივას მალევე მოჰყვა რუსეთის აგრესიული რიტორიკა. უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობა, NATO რუსეთის ძალებს შორის კონფრონტაციად შეფასდება სერგეი ლავროვის მხრიდან - "რუსეთს მკაფიო წითელი ხაზები აქვს", განაცხდა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დასავლეთი კი პირიქით, რუსეთს კვლავ საუბრებისა და დიპლომატიისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერი პუტინს ურჩევს სიმართლეს თვალი გაუსწოროს და უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოლაპარაკებების მეშვეობით იპოვოს.

დიპლომატია, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია თურქეთის პრეზიდენტისთვისაც. თურქეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული. ამ პროცესში არსებული სირთულეების მიუხედავად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარეებს შუამავლობას კვლავ სთავაზობს.

უკრაინის დახმარება, ავტომატურად საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ზრუნვასაც რომ ნიშნავს, ეს დღეს კვლავ შეახსენა მსოფლიოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, უკრაინა ახლა ის კედელია, რომელიც არ უნდა დაეცეს. საბოლოო გამარჯვებისთვის კი პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხვალ დაგეგმილ NATO-ს​ საგანგებო სამიტში, ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე დასწრებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გეგმავს.

დღის ამბები