კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში ბიზნეს იდეების დაფინანსებას იწყებს. კონკრეტული პროექტები ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში შეირჩა.
დაჯილდოების ღონისძიება ჭიათურაში გაიმართა, რომელსაც "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია დაესწრნენ.
მათ კონკურსში გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და ბიზნესის მხარდაჭერაში კომპანიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
სულ 9 ბიზნეს იდეა დაფინანსდება. ბიზნეს იდეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეობის, ტურიზმის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ახალგაზრდა, დამწყებ მეწარმეებს დაფინანსების გარდა კომპანია სხვა კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს. კონკურსში გამარჯვებულებს პირველ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტები დააკვალიანებენ იმისათვის, რომ ბიზნეს იდეა წარმატებით განახორციელონ.