21 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
რატომ ამონტაჟებდა ორი მამაკაცი ზუგდიდში ავტომობილზე ასაფეთქებელ მოწყობილობას - "კურიერმა" სავარაუდო მიზეზებზე ინფორმაცია მოიპოვა

ზუგდიდში დააკავეს ორი მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. ისინი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, მომხდარი უკავშირდება ერთ ერთ დაკავებულს და ავტომობილის მფლობელს შორის წარსულში მომხდარ უთანხმოებას. 

დანაშაულის დაგეგმვის ერთ-ერთ მოტივად პირადი შურისძიება სახელდება. დაკავებულ მამაკაცს წლების წინ ავტომობილის მფლობელთან ჰქონდა დაპირისპირება და დღეს ცდილობდა სწორედ ამ დაპირისპირების გამო შურისძიებას, თუმცა ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები. ერთ-ერთი პირი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილში ამონტაჟებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას. "კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია ხელყუმბარა. 

როგორც მეზობლები ამბობენ, პირი, რომლის აფეთქებას გეგმავდნენ, დიდი ხანია ზუგდიდში ცხოვრობს. მათივე თქმით, ადგილზე პოლიცია დილიდან გამოჩნდა. 

ორივე დაკავებული ზუგდიდის დროებით მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გამომძიებლები შეეცადნენ მათგან ინფორმაციის მიღებას, თუმცა მისცეს თუ არა ჩვენება, ჯერჯერობით, უცნობია.

ავტომობილის მფლობელი უკვე გამოკითხულია. 

დღის ამბები