06 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
დაიწყება სრულიად განსხვავებული ომი - არესტოვიჩი რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე

ხარკოვის გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რამდენიმე რუსული რაკეტა აფეთქდა. დაიჭრა ერთი ადამიანი. დიდი რაოდენობით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ სუმის რეგიონის კონოტოპის რაიონში. ჯარისკაცებმა ცეცხლს გაუხსნეს ადგილობრივებს. დაიბომბა ჩერნიგოვოს ონკოლოგიური ცენტრი. დაშავდა 2 ადამიანი.

კიევის რეგიონში ხანგრძლივი კომენდანტის საათი ამოქმედდება. გადაადგილების შეზღუდვა დღეს 9 საათიდან, 5 აპრილის 6 საათამდე იმოქმედებს. თურქეთმა მზადყოფნა გამოაცხადა მიაწოდოს უკრაინას გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  თურქული მხარე ამ საკითხში საკუთარ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევს უკრაინისა და რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.

როგორც ფრონტის ხაზზე მყოფი "კურიერის" გადამღები ჯგუფი იტყობინება ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო უკრაინის დედაქალაქში, განგაშის სიგნალი ჩართულია უკრაინის რამდენიმე ოლქშიც.

რაც შეეხება რუსულ საოკუპაციო ძალებს, დღეს უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ცდილობენ გადაჯგუფებას, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და მათ მიზანს უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევა წარმოადგენს.

ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღების მობილიზებას ახდენს.

გახშირდა საუბარი რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც.

"ქიმიური იარაღი სამხედროების წინააღმდეგ პრაქტიკულად, არაეფექტიანია. ამ იარაღს ეფექტი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, როცა არავინ იცოდა რა იყო და როგორ მოქცეულიყო. მეორე მსოფლიო ომშიც კი აღარ გამოიყენებდნენ. არა იმიტომ, რომ ყველა ჰუმანური იყო, არამედ იმიტომ რომ არაეფექტური იყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ნატო რუსეთს უპასუხებს. ისინი ვერ შეძლებენ სამხედროების შეშინებას, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება ნიშნავს, რომ დაიწყება სრულიად განსხვავებული ომი. უნდა აღინიშნოს რომ პროპაგანდისტები მუდმივად ავრცელებ სიცრუეს ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ უკრაინაში," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.

დღის ამბები