17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ვინ არიან ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მომხდარ გარჩევაში მონაწილე პირებთან იყვნენ კავშირზე

"კურიერმა" იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა გაარკვია, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ცენტრში გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ. ესენი არიან ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად "ხუტუ" და ლევან მარღია, იგივე "ლევა ზუგდიდსკი".

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილებიც და მოკლულებიც, მოჰყვა 2 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის გარჩევას, რომელიც ბიზნესწილების თაობაზეა დაწყებული, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არის დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, სავარაუდოდ დაპირისპირებაში სულ ცოტა 10-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

დაჭრილ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ხვიჩა ცხაკაია არის, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც წარსულში ნასამართლევი არის. 2007 წელს ის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მას 14 წელი მიესაჯა, თუმცა 2014 წელს ხვიჩა ცხაკაია გათავისუფლდა. "კურიერის" ინფორმაციით, ცხაკაია ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, ის შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

შსს-ში გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. 236-ე და 109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "კურიერის" ინფორმაციით, შსს-ს დანაშაულში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

შეგახსენებთ, გვიან ღამით თბილისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია 2 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი. შემთხვევა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.  

დღის ამბები