03 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
ეს არის ომის დანაშაული და მსოფლიო აღიარებს გენოციდად - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩას მოვლენებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუწოდა, ჩავიდნენ უკრაინაში, რათა რაც შეიძლება ფართოდ გაშუქდეს ის, თუ რა დანაშაულს სჩადიან რუსეთის საოკუპაციო ძალები. მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებს, რადგან ქვეყნისთვის მშვიდობის მოპოვება აუცილებელია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების აქ ყოფნა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მსოფლიოს აჩვენოთ, რა ხდებოდა და რა ხდება აქ, რას აკეთებდნენ რუსი სამხედროები, რას აკეთებდა რუსეთის ფედერაცია მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მოიგერია რუსი ოკუპანტები, მოსახლეობა ცხოვრობს ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. მე ვაგრძელებ ხალხთან კომუნიკაციას. მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. რაც გაუკეთეს ამ თანამედროვე ქალაქს, ეს აღწერს რუს სამხედროებს, რომლებიც ადამიანებს ცხოველებზე უარესად ეპყრობოდნენ. ეს არის ომის დანაშაული და მსოფლიო აღიარებს გენოციდად. ჩვენ ვიცით ათასობით ადამიანი. ადამიანები, რომლებიც მოკლეს და აწამეს, დაუსახიჩრეს კიდურები, გააუპატიურეს ქალები, მოკლეს ბავშვები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გენოციდი.

შეხვედრაზე საუბარი რთულია, როდესაც ვხედავთ სარდაფებში, კასრებში ჩაყრილ ხალხს. რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს რუსეთი მოლაპარაკებებს, მით უფრო უარესია მისთვის და, ზოგადად ომის მდგომარეობისთვის, იმიტომ, რომ ყოველდღე, როცა ჩვენი ჯარები შემოდიან და გარკვეულ ტერიტორიების დეოკუპაციას ახდენენ, ხედავთ რა ხდება.  ძალიან ძნელია საუბარი, როცა ხედავ, რა გააკეთეს აქ... ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ მათ აქვთ რაიმე საფიქრალი, უფრო სწრაფად უნდა იფიქრონ.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას,  დიახ, გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და სამხედრო ძალისხმევას. რას უნდა ველოდოთ ახლა - სასამართლო პროცესი იქნება, ჩვენ ყველაფერს გამოვააშკარავებთ. მე მჯერა, რომ ცივილიზაცია დაგვეხმარება, თუ მათგან დახმარების გზას ვერ ვიპოვით, მაშინ ამას ჩვენი ხალხი გააკეთებს,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბუჩაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული 340 მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს. გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა ცხედრების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა და საჯაროდ გამოაქვეყნა რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადის წევრების 87 გვერდიანი სია, რომელთაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

დღის ამბები