20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
"მოვუწოდებ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება" - დავით მათიკაშვილი კიევის ბრალდებებზე

ქართველი პოლიტიკოსები კიევისგან საკმაოდ სერიოზული ბრალდებების დასაბუთებას ითხოვენ. საუბარია უკრაინული დაზვერვის მიერ საქართველოში სამხედრო კონტრაბანდული არხების არსებობის შესახებ ბრალდებაზე, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა. ტექსტში მტკიცებით ფორმაში წერია, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო ოპტიკურ საშუალებებს, ელექტრომასალებს და სპეცტექნიკას უკანონოდ აწვდის.

"ნამდვილად არ მინდა, რომ ეს დადასტურდეს, ეს თუ დადასტურდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ეხმარება მტერს, რაც არც ისტორიისთვის, არც მომავლისთვის, არც აწმყოსთვის არ არის კარგი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სანქციების ქვეშ მოჰყვეს საქართველო. ვფიქრობთ, უნდა ჩავრთოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ბრიტანეთის და ამერიკის სპეციალური სამსახურები და მათთან ერთად დავიწყოთ მონიტორინგი, რომ მომავალში ავიცილოთ მსგავსი რისკები,"-აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიზე ფიქრობს, რომ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა, პირველ რიგში, უნდა ითანამშრომლონ უკრაინის დაზვერვასთან.

"იმედი მაქვს, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და ამ შემთხვევაში ჩვენმა სამსახურებმაც გაცილებით ეფექტურად უნდა იმუშაონ და ყველაფერი გამოიტანონ სააშკარაოზე. ხელისუფლება, პირველ რიგში, კომუნიკაციაში უნდა იყოს იმ უწყებასთან, საიდანაც მოდის ეს ინფორმაცია, შესაბამისად, ეს არის ამ ორ უწყებას შორის გასარკვევი საქმე,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თუ უკრაინა არ წარადგენს შესაბამის მტკიცებულებას, ბრალდებები შეფასდება, როგორც პროვოკაციული ნაბიჯი.

"მოვუწოდებ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება, რომელიც იქნება დამადასტურებელი ამ ინფორმაციის. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები საქართველოსი არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი, შესაბამისად, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული შეფასდება როგორც დეზინფორმაცია და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობა, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები