18 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
რას შეიძლება ემსახურებოდეს, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალო და ამ დაბრალების შემდგომ შენ გთხოვო წარმოადგინო მტკიცებულებები?! - ოხანაშვილი კულებას განცხადებაზე

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაცია, საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხის შესახებ, ისევ შეფასებების თემაა თბილისში.

"ქართული ოცნების" წევრის ანრი ოხანაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება არაერთი ბინძური პროვოკაცია.

"ძალიან მძიმეა საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც არის ჩართული ომში, მაგრამ ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება არაერთი ბინძური პროვოკაცია. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება არის გაზრდილი იმ თვალსაზრისით, რომ აფასებს საკითხებს ისტორიული კონტექსტით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ძალიან კარგი დასკვნები გამოაქვს.

რაც შეეხება ბატონი კულებას განცხადებას, რას შეიძლება ემსახურებოდეს ის რომ ჯერ რაღაც დაგაბრალო და ამ დაბრალების შემდგომ შენ გთხოვო წარმოადგინო მტკიცებულებები, მე რაც დაგაბრალე?! ეს ასე არ არის. რას ნიშნავს ეს? დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება?" - აღნიშნა ოხანაშვილმა.

უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

"უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები