19 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რათა ყველა ეჭვი გააქარვოს - ოპოზიცია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

ქართული მხარე უკრაინას მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ დასაბუთების გარეშე ამ ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელია.

"რა თქმა უნდა, მათაც საბუთები უნდა წარმოადგინონ, რათა საზოგადოებამ და ყველამ გაიგოს, თუ რა პრეტენზია აქვს უკრაინის დაზვერვას საქართველოს მიმართ. მაგრამ, ვინაიდან ამ მასშტაბის სკანდალია აგორებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რათა ხელისუფლებამ ყველა ეჭვი გააქარვოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ეს ის საკითხია, სადაც მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება ძალიან რთული იქნება. იოსელიანი ასევე ამბობს, რომ კითხვაზე, თუ ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, მიიჩნევს რომ ალბათ იმ მხარემ, რომელმაც ბრალი დასდო ქვეყანას.

გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ როდესაც მსგავსი კითხვები და ბრალდებები ჩნდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მიხეილ დაუშვილის თქმით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა რომ ქვეყანას უკრაინასთან ურთიერთობა ისეთ დონეზე გააჩნდეს, რომ ასეთი კითხვები არ ჩნდებოდეს. 

ცნობისთვის, უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

"უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები