27 ივლისი 2024,   05:07
ვრცლად
ომის პარტია ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან როგორმე დააზიანოს მისი ქვეყანა და ხელისუფლება - ამილახვარი

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები თავად უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს.

ამილახვარი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული პარტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ ცდილობს დააზიანოს ქვეყანა და ხელისუფლება.

"რაც შეეხება კულებას განცხადებას, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, ვინც ასეთი ბინძური და პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა უკრაინის ხელისუფლებისადმი და შესაბამისი უწყებებისადმი, რომ წარმოადგინონ მტკიცებულება. ჩვენ რა მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომ არაფერი არ მომხდარა? ამას ვამბობთ ისედაც და ვადასტურებთ სრული პასუხისმგებლობით.

ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის შიგნით აწარმოებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ომის პარტია ყველაფერი ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან როგორმე დააზიანოს მისი ქვეყანა და მისი ხელისუფლება," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

ცნობისთვის, უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

"უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები