25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, სხვა შემთხვევაში, დავასკვნით, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას - თეა წულუკიანი

დმიტრო კულებასა და უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე შეფასებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. ლევან დავითაშვილი და თეა წულუკიანი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. მინისტრები უკრაინული მხარისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდებიან. მათი თქმით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლი ძალიან მაღალ დონეზეა.

"თუ ვიღაც ვინმეს რამეში ბრალს დებს, საფუძველი ამისა უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანმა, ვისაც აქვს ბრალდება. ეს არის მტკიცებულების ძალიან ლოგიკური წარმოდგენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში მგონი, ჩვენს ძალიან სტრატეგიულ მეგობრებს, ძმებს მოეთხოვებათ ცოტა მეტი ყურადღებაც.

საბაჟო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე. საქართველოს ხელისუფლება არის მზად და გახსნილი, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნისთვის ვართ ღია, რათა მათ ნახონ, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა, თვითონ დარწმუნდნენ, რომ უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

"რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს ​სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

"უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდისასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები