23 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
მოვითხოვთ, უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება ამ ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ამის უკან როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები დგანან.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. აქვე, ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იმავე - "ომის პარტიის" წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკ ნიუსების და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას - საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა მკაფიო პრინციპული პოზიცია, ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისათვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი, გაეროში, სადაც საქართველომ შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო, პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება, აღარაფერს ვამბობ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე - ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.

ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოსი ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ. სრულიად გამაოგნებელია, რომ ამაზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის, და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად ომის დაწყების დღიდან ვხედავთ, ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს, არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისათვის მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.

ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმითაა ჩართული, განსაკუთრებით, ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს - შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები