20 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი - "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა." ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა ისაუბრა.

"2021 წელს, ამავე დასახელებისა და მიზნების კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს, დაფინანსდა 5 პროექტი, რომლებმაც 20 ლოკაცია მოიცვა. შედეგად, განხორციელდა შემდეგი ძეგლების ფოტოფიქსაცია:

1. შიდა ქართლსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების კულტურული მემკვიდრეობის 250 ძეგლის ფოტო და მომზადდა კატალოგი;

2. გარეჯის მაღალმთის სამონასტრო კომპლექსის 15 ძეგლის 300 ფოტო;

3. ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას მიერ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობის 25 ძეგლის 1629 ფოტო;

4. ვანის ქვაბების 67 ძეგლის და ზედა თმოგვის ციხე-ქალაქის 48 ეკლესიისა და გამოქვაბულების 100 ფოტო;

5. ფოტოგრაფ მინდია ჩარქსელიანის მიერ ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის 104 ძეგლის 1400 ფოტო.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

საკონკურსო პროექტის ფარგლებში ფოტოფიქსაცია უნდა ითვალისწინებდეს:

ა) სისტემატიზირებულ ფოტომასალას: საპროექტო ობიექტის საერთო ხედებს, ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის ფიქსაციას, ფასადებს ყველა მხრიდან, ინტერიერს (აფსიდი კონქით, მრევლის დარბაზი, კამარა თაღებით, კონსტრუქციული დეტალები, მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები), ექსტერიერის და ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებულ ელემენტებს;

ბ) ხუროთმოძღვრული ძეგლის მახასიათებელი მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნების მრავალმხრივ ასახვას;

გ) დოკუმენტურ მასალად გამოყენების შესაძლებლობას, მოულოდნელი სტიქიური, თუ ხელოვნური ჩარევების შედეგად დაზიანებული ხუროთმოძღვრული ძეგლების/ანსამბლების სარესტავრაციო საპროექტო დოკუმენტაციის შესაქმნელად.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 20 52 25 (სამუშაო საათების განმავლობაში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau" - აცხადებენ უწყებაში.

 

დღის ამბები