27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
უგლედარის სკოლაზე ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მაშინ განახორციელეს, როდესაც მოქალაქეები ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგნენ - ზღვარგადასული რუსული სისასტიკე

ბოროდიანკას გარდა, 400 ადამიანია დაკარგული ჰოსტომელშიც. ქალაქ უგლედარის სკოლის შენობაზე კი, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა იმ დროს განახორციელეს, როდესაც იქ მოქალაქეები ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იყვნენ მისულები. ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას უკვე 167 ბავშვი ემსხვერპლა, დაჭრილია - 279. თუმცა ეს მხოლოდ ამ ეტაპზე დადასტურებული ფაქტებია. ჯერ არავინ იცის რა ხდება ალყაში მყოფ მარიუპოლში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში რუსებმა მობილური კრემატორიუმები აამუშავეს. დიდი ალბათობით იქ ათასობით ადამიანია დაღუპული. ბუჩის შემდეგ რუსეთი დანაშაულის კვალის დაფარვას და გვამების დაწვას იწყებს. პარალელურად 27 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა წუხელ ქალაქ ხარკოვზე. უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან სასწრაფო ევაკუაციას თხოვს. გენშტაბი კი ახალი ფრონტის გახსნას არაღიარებული დნესტრისპირეთიდან ელოდება. მიდის მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მთავარი შეტაკება დონბასში იქნება.

კიდევ ერთი უკრაინული ოჯახის ისტორია დასრულდა ჩერნიგოვის ოლქში. მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, ორი მცირეწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მსხვერპლია რუბეჟნოეს დასახლებაში. რუსულმა ტყვიამ მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლა. ოკუპანტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს. დაზიანდა 2 მრავალსართულიანი კორპუსი და 9 კერძო სახლი.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, რომელიც მუდმივად განახლებადია, რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპაციის პერიოდში ბუჩაში 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ათეულობით პირი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამასთან, ოკუპანტებმა ქალაქში ათასობით დანაღმული ობიექტი დატოვეს, რომლის გაუვნებელყოფასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.

400-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა 35 დღიანი ოკუპაციის შედეგად ჰოსტომელში. ქალაქის მერიის ინფორმაციით, არსებობდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, რომელზეც დაღუპული ადამიანები იყვნენ ასახულები, თუმცა მათი ცხედრები გაქრა. ეჭვობენ, რომ ჰოსტომელში მობილური კრემატორიუმები ამუშავდა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ჩადენილი დანაშაულის დამალვას ცდილობს. მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს მარიუპოლში - აცხადებენ ქალაქის საბჭოს წევრები.

24 თებერვლიდან დღემდე დაღუპულია 1480 მშვიდობიანი მოქალაქე, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 2195-მა. ამ მონაცემებს რუსეთის თავდაცვის უწყება ფაბრიკაციას უწოდებს.

არამხოლოდ დასავლური მედიით გავრცელებული, არამედ საკუთარი თვალით ნანახი სამხედრო დანაშაულის გამო, რუსული არმიის რიგები ასეულობით ჯარისკაცმა დატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ახლა, ლეგიონი სახელწოდებით "თავისუფლება რუსეთს" - თანამოქალაქეებს პუტინის რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებს.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების იერიშის სიხშირემ იკლო, თუმცა გრძელდება. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ მტერი უკვე დაკავებული ტერიტორიების გამაგრებას აპირებს, რისთვისაც გადაჯგუფებას და მარაგების შევსებას ბელარუსიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ახორციელებს.

დღის ამბები