18 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა - აზოვის პოლკის ხელმძღვანელი

მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება - ქალაქი თავს 48-ე დღეა იცავს. "მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები - საზღვაო ქვეითები, დაზვერვის ოფიცრები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვა, ეროვნული გვარდია, აზოვი, ჩვენი მამაცი ხალხი, რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ" - წერს ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრი. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მეტი იარაღია საჭირო.

რუსების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება მარიუპოლში - უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, შესაძლოა ეს იყოს "ზარინი". აზოვის პოლკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქიმიური იარაღით იერიში მიიტანეს "აზოვსტალის" ქარხნის თავზე, მოწამვლის გამოხატული ნიშნები 3 ადამიანს აღენიშნება.

"რუსებმა ქიმიური იარაღით დარტყმა განახორციელეს მარიუპოლზე, ქარხანა "აზოვსტალზე". თუ ვისაუბრებთ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე, ის დიდი არ არის. 3 ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა," - აცხადებს აზოვის პოლკის ხელმძღვანელი ანდრეი ბელეცკი.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატიდან მარიუპოლში ქიმიური ნივთიერების ჩამოგდების შესახებაც. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ამ ეტაპზე გავრცელებული ცნობების დაზუსტება მიმდინარეობს.

დღის ამბები