03 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ენმ ქუჩის აქციებისთვის ემზადება, თუმცა გეგმას სხვა ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ - დეტალებზე ხვალ, სავარაუდოდ, სააკაშვილი თავად ისაუბრებს

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ბრძოლის იარაღად კვლავ ქუჩის აქციებს ირჩევს. პარტიის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილთან აუდიენციის შემდეგ, მასშტაბური დემონსტრაციები დააანონსეს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საზოგადოების პროტესტი, ორი წლის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაუკავშირდეს. "ნაცმოძრაობაში" განმარტავენ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან არასდროს მოხსნილა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე მეორე წელია, საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობს.

გაერთიანებისა და მანდატების დატოვების შანსი რომ ნაკლებია, დღეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების რიტორიკაშიც გამოჩნდა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს პოლიტიკური პროცესისთვის წამგებიანს უწოდებს.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ტაქტიკის უკან, ბაკურიანში ჩატარებულ სემინარს ხედავს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" ახალი გეგმა ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტისა და ოპოზიციის შეხვედრა-სემინარზე შემუშავდა. თუმცა, მათი თქმით, იდეა კრახისთვისაა განწირული, რადგან შესაბამისი საზოგადოებრივი დაკვეთა არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, პროცესების ქუჩაში გადატანასთან დაკავშირებით, არც "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში" მოსწონთ. მიუხედავად გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობისა, პარტიები "ნაცმოძრაობის" გეგმაში მონაწილეობას არ აპირებენ.

პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადატანის მცდელობას, დღის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ. კანონმდებლები უკრაინაში ომის ფონზე, დაანონსებულ ქუჩის მღელვარებას მოღალატეობრივად აფასებენ. უმრავლესობა პოლიტტექნოლოგი აკერმანისა და პატიმარი ექსპრეზიდენტის შემუშავებულ სტრატეგიას, რუსული ინტერესების ნაწილად მიიჩნევს.

როდის დაიწყებს "ნაციონალური მოძრაობა" "სახალხო ზეიმად" წოდებულ საპროტესტო აქციებს, უცნობია. გაცხადებული მიზანი - ხელისუფლების შეცვლა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მეტ დეტალის შესახებ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ხვალ ისაუბრებს.

დღის ამბები