06 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
"მიეცით უკრიანას მეტი შეიარაღება, დასავლეთის სახელმწიფოები ფეხზე უნდა დადგნენ" - რა სცენარს პროგნოზირებენ ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები

სწარაფად იმოქმედეთ და მიეცით უკრაინას კიდევ მეტი შეიარაღება - სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს აჩქარებას ურჩევენ. მას შემდეგ, რაც ვითარება უკრაინაში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და რუსეთი აღმოსავლეთით ბრძოლებისთვის მოემზადა, სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები მოუწოდებენ დასავლეთის სახელმწიფოებს, სწრაფად იმოქმედონ და მისცენ უკრაინას კიდევ მეტი შეიარაღება, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება.

უახლესი ვითარების შეფასებისას, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ისევ იმედოვნებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთის არმიისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ პუტინმა 9 მაისამდე გამარჯვების გამოცხადება შეძლოს.

"მარიუპოლი ისევ დგას, თუმცა ჩვენ რიგ შემზარავ მოვლენებს ვხედავთ და დასავლეთის სახელმწიფოები ფეხზე უნდა დადგნენ. ომამდე ჩვენ ვითვლიდით ათობით ათას სამხედროს და რიგ ბატალიონებს. რასაც ვხედავთ, ეს რიცხვები ინფორმატიულია, თუმცა არა სადემონსტრაციო. ახლა ჩვენ აღმოსავლეთში ვხედავთ ბატალიონთა 76 ტაქტიკურ ჯგუფს. მათგან 13-მდე არის სრულიად ახალი, საბრძოლველად გადმოსროლილი სხვა ადგილებიდან. ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოეთით ბრძოლიდან ჩახსნეს და აღმოსავლეთით გადმოიყვანეს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ არიან იმ დანაკარგების გამო, რაც ჩრდილოეთით ბრძოლებში განიცადეს. მათ ახალ მეთაურს ამოცანა ჰქონდა ჯგუფების რეორგანიზება მოეხდინა და ამ ფორმირებით ის განსაზღვრავს, თუ საით მიმართოს ძალისხმევა.

თუ გავიხსენებთ, რამდენად კარგად იყვნენ მომზადებულები უკრაინელი ძალები ჩრდილოეთში, რუსეთს მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდება. იმ ვითარების გათვალისწინებით, რასაც ვხედავ, უკრაინა ამისთვის მზად არის და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს წინააღმდეგობის საოცარი დემონსტრირება.

მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ 9 მაისამდე რუსებმა დიდი გამარჯვების გამოცხადება შეძლონ. შესაძლოა დაიპყრონ მარიუპოლი და ეს იყოს მათი დიდი გამარჯვება, მაგრამ არა ისეთი, რასაც პუტინი სამხედრო აღლუმისთვის ვარაუდობს," - აცხადებს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, ფილიპ ბრიდლავი.
 
ექსპერტები ამბობენ, რომ გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვს, რომელიც უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობს, ასეთ დიდ ბრძოლებში გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ მოტივაცია და იციან, თუ რატომ და რისთვის იბრძვიან.

"კიევის გარშემო წარუმატებლობამ, მათი შეზღუდული შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ რუსული ძალების კონცენტრაციას და უკეთეს კოორდინირებას. გენერალ დვორნიკოვის დანიშვნა ომის დაწყების შემდეგ ცხადყოფს, რომ რუსებმა გააცნობიერეს, მათ ინდივიდუალური შეტევის საშუალება არ აქვთ და კოორდინირებული ოპერაციები სჭირდებათ. ამ პიროვნების მეტსახელი "სირიელი ყასაბია", თუმცა უკრაინისთის კარგი ამბავია ის, რომ მას არასოდეს ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ ბრძოლებში. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ის ყველა ამ რაოდენობის ძალების კოორდინირებას სხვადასხვა მიმართულებებზე. მარიუპოლისთის ისინი ყველა ტიპის ძალას იყენებენ, სხვა რეგიონებში კი უფრო მეტად საჰაერო თავდასხმებს ვხედავთ," - ამბობს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ჰანა შელესტი.

როგორც ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი უილიამ ტეილორი მიიჩნევს, კრემლმა ომის მიზნები აშკარად შეამცირა.

"კრემლმა ომის მიზნები აშკარად შეამცირა. ისინი დასაწყისში კიევის აღებას ეცადნენ, რათა უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეკონტროლებინათ და დამარცხდნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასაოცრად გმირულად და წარმატებით იმოქმედეს და კიევი ამ შეტევისგან დაიცვეს. რუსებმა გადატვირთვა დაიწყეს და მიზნები შეამცირეს. თუნდაც ამ ეტაპზე. შესაძლოა მათი შორეული მიზნები არ შეცვლილა, მაგრამ ჯერჯერობით მათი ფოკუსირება აღმოსავლეთითაა," - აცხადებს უილიამ ტეილორი.
 
ნეპტუნებით კრეისერ "მოსკვას" განადგურებამ, სპეციალისტების თქმით, რუსეთის საზღვაო ძალების მხრიდან გამოწვევები უდაოდ შეამცირა და დღის წესრიგშია ხომალდების საწინააღმდეგო შეიარაღების მიღება. რუსეთის მიერ ჩადენილმა სამხედრო დანაშაულებმა და სისასტიკემ, ანალიტიკოსების თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის და უკრაინის სამხედრო ძალების კიდევ მეტ მოტივირებას შეუწყო ხელი, თუმცა რაც ახლაა დასავლეთის მხრიდან გასაკეთებელი, კიდევ მეტი შეიარაღების მიწოდებაა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჩათვლით.

ისევ აქტუალურია საჰაერო სივრცის დაცვის და თვითმფრინავების მიწოდების თემა. ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვის და ხომალდების საწინააღმდეგო შეიარაღების გაზრდა, ანალიტიკოსების თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია.

დღის ამბები