მთელმა სამყარომ რუსეთი უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ, თვლის უკრაინის პრეზიდენტი. ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და განაცხდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სულ უფრო უკეთ ესმით, რა და როდის სჭირდება უკრაინას რუსი ოკუპანტებისგან თავის დასაცავად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობასაც.
"ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის ყველა სახელმწიფო მოღვაწემ, ვინც მხარს უჭერს ამ სამარცხვინო ომს, მიიღოს ლოგიკური სასანქციო პასუხი დემოკრატიული სამყაროსგან. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად.
ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს. ეს დღეს შარლ მიშელთან განვიხილეთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ის რუსეთის სამხედრო მანქანისა და მთლიანად რუსეთის სახელმწიფოსთვის ნამდვილად მტკივნეული იყოს. თითოეულ მოლაპარაკებაზე ხაზს ვუსვამ, რომ სანქციები საჭიროა არა როგორც მიზანი, არამედ როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს.
მოხარული ვარ, რომ კიევში ჩვენი სახელმწიფოსა და ყველა უკრაინელის დიდ მეგობარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდი. ყოველი ასეთი ვიზიტი მხოლოდ ხაზს უსვამს, თუ რამდენად აბსურდული იყო რუსეთის გეგმები ჩვენი სახელმწიფოს წართმევის შესახებ.
შარლ მიშელთან, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მრავალ ასპექტზე ძალიან საფუძვლიანი მოლაპარაკებები მქონდა. რა თქმა უნდა, მთავარია დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურისა და ყველა ინსტიტუტის სტაბილური ფუნქციონირება. დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ გეგმა გამოქვეყნდა. ამ გეგმაში მითითებული ყველა ძირითადი მიმართულება განხორციელდება, რუსეთი დაკარგავს "სამხედრო მანქანის" დაფინანსების შესაძლებლობას.
ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდგომარეობა მაქსიმალურად მძიმე რჩება. ოკუპანტები არ თმობენ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის გზით რაიმე გამარჯვების მოპოვების მცდელობას. თუნდაც რაღაცით, რითაც შეუძლიათ თავიანთი პროპაგანდისტების "გამოკვება". ჩვენ მაქსიმუმზე მეტს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი არმიისთვის იარაღი მიწოდება ვუზრუნველვყოთ," - ამბობს ზელენსკი.