01 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ვინ და რა შეაჩერებს პუტინის რეჟიმს - როგორია საერთაშორისო საზოგადოების მცდელობები რუსული აგრესიის შესაჩერებლად

სააღდგომო ზავი არ იქნება - ასე უპასუხა მოსკოვმა გაეროს გენერალური მდივნის შეთავაზებას, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე შეეწყვიტა მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა. ზავის არ სჯერა არც ლონდონს. დიდი ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები კრახისთვისაა განწირული. ბორის ჯონსონმა პუტინი ნიანგსაც კი შეადარა. კოლექტიურ დასავლეთს მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი: რაც შეიძლება მეტი შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას.

"ვლადიმერ პუტინის სისხლიანი ომი და ბრუტალური ქმედებები" - ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებას. სისხლისღვრისა და მშვიდობიანი ადამიანების ხოცვის შესაჩერებლად აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო შეიარაღებას გაუგზავნის, მათ შორის მძიმე არტილერიას, ასობით ქვემეხსა და ასობით ათას ჭურვს. ჯო ბაიდენის განცხადებით, კიევი ასობით ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატსაც მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ფული არ დაინანა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერადაც, ამისთვის ვაშინგტონს 500 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი.

კიევში ჩავიდნენ დღეს ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები. მათ რუსეთის არმიის ნამოქმედარი საკუთარი თვალით ბოროდიანკაში იხილეს.

ვინ და რა შეაჩერებს პუტინის რეჟიმს - თურქეთის სურვილია, შეხვედრა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კვლავ თურქეთში გაიმართოს. საომარი მოქმედებების შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებას ცდილობს. მაგალითად, ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს წლის ბოლომდე გერმანიაც.

საერთაშორისო პარტნიორებს სულ უფრო უკეთ ესმით, რა და როდის სჭირდება უკრაინას რუსი ოკუპანტებისგან თავის დასაცავად - ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტს ეკუთვნის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ.

ვიდრე საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის პრეზიდენტის ამ მიმართვაზე დაიწყებს მსჯელობას, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა ოფიციალურად აღიარეს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი განახორციელა. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივის მიმართ, გააერთიანონ ძალები უკრაინაში ჩადენილი რუსული სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები