უკვე მესამე დღეა, მარტვილში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. "კურიერის" ინფორმაციით, 13 წლის გოგო ოთხშაბათს დილით სკოლაში წავიდა და შემდეგ აღარავის უნახავს. მოზარდი მარტვილში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სკოლის დირექტორის, ალექსანდრე კვესელავას თქმით, გოგონა სპორტსმენია და ვარჯიშის გამო შედარებით გვიან დაბრუნება უწევდა ხოლმე.
"დაახლოებით 5 საათის შემდეგ, 6-ის ნახევრისთვის, დაემგზავრა ჩვენს ერთ-ერთ მასწავლებელს, ერთი მიმართულებით ცხოვრობენ. ეს ბავშვი სპორტსმენია, ფეხბურთზე დადის და ზოგჯერ სკოლის შემდეგ ვარჯიში როცა აქვს აგვიანდება ხოლმე, მისთვის ჩვეული დროა როცა ამ დროს მიდის სახლში. მასწავლებელი თავის სახლში შევიდა და ამ ბავშვმა გააგრძელა გზა სახლის მიმართულებით. შემდეგ, როგორც ჩანს, მობრუნდა უკან, და რომ არ მოვიდა თავის დროზე - მშობლებიც აფორიაქდნენ," - ამბობს დირექტორი.
ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.