27 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის აგრესიის მეორე ფაზა გრძელდება - ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 12 შეტევა მოიგერიეს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის მეორე ფაზა გრძელდება. სტრატეგია ბოლო დღეების განმავლობაში არ იცვლება. საოკუპაციო ჯარები ცდილობენ აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კონტროლის ზონები გააფართოონ და უკრაინის თავდაცვის პოზიციები გაარღვიონ. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 12 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის ოთხი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული მძიმე ტექნიკა, ერთი საბრძოლო ჯავშანმანქანა და ოთხი ავტომობილი.

ეტაპობრივად მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი. ამ დროისთვის, ხერსონიდან მხოლოდ 610 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ოკუპანტების შეტევის საფრთხის გამო, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან პროცესი დროებით შეაჩეროს. 
 
აღდგომის დღესასწაული ოკუპანტებმა ხარკოვის მოსახლეობას დაბომბვით მიულოცეს. რამდენიმე ჭურვი ქალაქის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი და მაღალი ძაბვის ხაზები. დაღუპულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
 
"მტერი გადაჯგუფდა და აყალიბებს სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებს შეტევის მხარდასაჭერად და აგრძელებს სარაკეტო დაბომბვას სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მტერი აძლიერებს პოზიციების საინჟინრო და საფორტიფიკაციო აღჭურვილობას ბრიანსკის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 3 კმ-ის მოშორებით. მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, ესვრის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
 
ბრძოლები მიმდინარეობს ზარიჩნესრუბიჟნესა და პოპასნას რაიონებში. მარიუპოლის მიმართულებით მტერი აგრძელებს თავდასხმას აზოვსტალის რაიონში. ახორციელებს საჰაერო დარტყმებს, მათ შორის შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავებიდან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ჩვიდმეტი საჰაერო სამიზნე,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი. 
დღის ამბები