07 მაისი 2024,   14:10
ვრცლად
სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წუხელ 5 პირი დააკავეს - პოლიციელი ირწმუნება, რომ მას მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ზიანი მიაყენეს

სენაკში, ქალაქის ცენტრში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წუხელ 5 პირი დააკავეს - გიორგი სიჭინავა ირწმუნება, რომ მას მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ზიანი მიაყენეს. პოლიციელზე ანგარიშსწორების შემდეგ, ბრალდებულები გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა ორი მათგანი თავად დაზარალებულმა პატრულმა დააკავა, დანარჩენი სამი პირი კი, სენაკის პოლიციამ აიყვანა.

პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს, უფრო მეტიც დაცვის მხარე ამბობს, რომ კონფლიქტის პროვოცირება 35 წლამდე ახალგაზრდების ჯგუფთან თავად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოახდინა. ქალაქის ცენტრში მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ აღბეჭდილია ვიდეო სათვალთვალო კამერაზეც

გიორგი სიჭინავას სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სენაკის სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ხუთივე პირის მიმართ, პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატები კი, ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას ამზადებენ. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები