02 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
სურს თუ არა კიევს, თბილისისა და კიშინიოვის ომში ჩათრევა - როგორ აღიქვეს არესტოვიჩის განცხადება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

სურს თუ არა კიევს, თბილისისა და კიშინიოვის ომში ჩათრევა?! - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა საქართველოსა და მოლდოვას შესახებ ისაუბრა. არის თუ არა ალბათობა გაჩნდეს მეორე ფრონტი, რაც რუსეთისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება, არესტოვიჩმა თქვა, რომ საქართველო და მოლდოვა მეორე ფრონტისთვის მზად არ არიან, თუმცა მიიჩნია, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მარტივად მიიღებდა.

"ქართული ოცნების"თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, არესტოვიჩის მსგავსი შინაარსის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმებს, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. კობახიძის თქმით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ქვეყანაში მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა სურს.

"ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ "ნაცმოძრაობა" არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის," - განაცხადა კობახიძემ.

მეორე ფრონტის გაჩენის იდეას არ იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა პარტიაში განმარტავენ, რომ არესტოვიჩის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება ქართული მხარისგან მეტ მხარდაჭერას ელის.

ხელისუფების მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარადჭერით რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკმაყოფილოა, ეს მათ თბილისიდან კოლეგებს კიევშიც არაერთხელ გაუზიარეს. დღეს მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ამ თემაზე საუბრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებებზეც.

ომისკენ მოწოდებად აღიქვა ოპოზიციის ნაწილმაც უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა "ქართულ ოცნებას" მსგავსი გზავნილით უფრო აქტიური მხარდაჭერა მოსთხოვა.

საქართველო რომ ომში ჩართვას არ აპირებს და ქვეყნის უსაფრთხოება ხელისუფლების პრიორიტეტია, ეს დღეს როგორც ოპოზიციას, ისე უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, პარლამენტის თავმჯდომარემაც შეახსენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეორე ფრონტზე საუბარი ისმის და ამ კონტექსტში საქართველოს ახსენებენ, თუმცა,საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ თქვეს, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვება.



დღის ამბები