02 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
კრემლი ატომური იარაღით კვლავ იმუქრება - რამდენად რეალურია ბირთვული ომის საფრთხე უკრაინაში და რას აცხადებს დასავლეთი მოსკოვის მუქარაზე

ბირთვული ომის საფრთხე - ვლადიმერ პუტინს რომ ბირთვული ცდუნებები ისევ აქვს, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელ მსოფლიოს დიპლომატიური ენით შეახსენა. სერგეი ლავროვისთვის ბირთვული ომის დაწყების საფრთხე რეალურია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომში გადაზარდაც არ გამორიცხა.

ის, რაც ლავროვისთვის რეალური საფრთხეა, მისი უკრაინელი კოლეგისთვის პროპაგანდისტული განაცხადია. დმიტრო კულება ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, რუსული საუბრები მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული მუქარის შესახებ მხოლოდ იმიტომ ისმის, რომ კრემლი სისხლისმღვრელ ომში მარცხდება. კიევში არც იმას გამორიცხავენ, რომ მუქარები კიდევ უფრო გახშირდეს რუსული კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ.

ატომური აფეთქების საფრთხე უკრაინაში სულ უფრო მეტად იზრდება. ორი დღეა რუსი სამხედროები ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ფრთოსან რაკეტებს ესვრიან.

დასავლეთი პირობას დებს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ომს დაიწყებს, პასუხიც შესაბამისი იქნება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი "დაუყოვნებლივი" შურისძიებით უკვე დაიმუქრა. ბორის ჯონსონმა პირდაპირ მიანიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მუქარას რეალობაში მოიყვანს, მისი ქვეყანა ომში ჩაერთვება. ბირთვული შეიარაღებით გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, პირველზე - ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ საფრანგეთი და ჩინეთი. რუსეთს რიტორიკა დღეს ამერიკის თავდაცვის მინისტრმაც დაუწუნა და შეახსენა, რომ ბირთვულ ომში ყველა წაგებული იქნება.

რუსეთის შეიარაღებაშია 5977 ბირთვული ქობინია, რომლის გადატანაც ბალისტიკური რაკეტებით დიდ დისტანციაზეა შესაძლებელი. საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა რუსეთში მხოლოდ სამ პირს შეუძლია - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ნაწილისთვის პუტინის განცხადებები მხოლოდ მუქარა არ არის და ის რეალისტურია. ამბობენ, რომ რუსეთის ლიდერი აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ შეატყობს, რომ ომში მარცხდება.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჰიროშიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 15 კილოტონა იყო, დაიღუპა 146 ათასი ადამიანი. თანამედროვე ბირთვული ქობინის სიმძლავრე კი -ჰიროშიმსა და ნაგასაგში ჩამოგდებულ ბომბს 65-ჯერ აღემატება. ასეთი აფეთქების უშუალო ზონაში პრაქტიკულად არაფერი რჩება ცოცხალი. ნამსხვრევები, რომლებიც მიწაზე ვარდნას იწყებენ, მალევე იწვევს მძიმე დაავადებებს, კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს.



დღის ამბები