02 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
"ჩანაწერების შემქმნელიც და გამავრცელებელიც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც წარმოადგენს არახამია" - როგორ ეხმაურებიან თბილისში ქართული წარმოშობის უკრაინელ პოლიტიკოსს

მეორე ფრონტის გარდა კიევი სანქციებსაც ითხოვს. ურთიერთობების დათბობის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდა. გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსისთვის გუშინვე გახდა საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე საერთაშორისო სანქციები მოეთხოვა.

არახამია უბრალოდ უკრაინელი პოლიტიკოსი არ არის, ის რადაში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე და უკრაინის მხრიდან რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელია. ის არის უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ორთვიანი საშინელი ომის განმავლობაში მუდმივად იცლის საქართველოსთვის.

ამჯერად საბაბი სხვადასხვა დღეების ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ურეკავს.

ფარულ აუდიო მასალაში, რომელიც არავინ იცის რომელი სპეცსამსახურის მიერ გავრცელდა, რუსი ბიზნსემენი თბილისში ე.წ. "ზერნოს" თემაზე შეხვედრების ორგანიზებას ითხოვს. ჩანაწერში ნახსენებია ირაკლი ღარიბაშვილიც, რის გამოც ოპოზიცია ახსნა-განმარტებისთვის პრემიერის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება, განხილვის მთავარი თემა თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრის ორგანიზებაა. არახამია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეხმარება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღეს უკრაინელი მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დავით არახამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ჩანაწერების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც ერთი და იგივე ძალაა - "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც წარმოადგენს არახამია.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობაც" და ოპოზიციის ნაწილი. პარტიებში დღეს ამ თემაზე დილიდან ერთმანეთის მიყოლებით ბრიფინგებიც ჩატარდა. ხელისუფლების ოპონენტებს გავრცელებული მასალის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. ელენე ხოშტარიას განცხადებით, დავით ხიდაშელი პირდაპირ შემსრულებელია და ასეთი პირები სანქცირებულები უნდა იყვნენ.

დავით ხიდაშელი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს, წერილობით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია მისი მეგობარია, ხოლო ბიზნესმენის საქართველოში რამდენჯერმე ვიზიტი, რუსთავის აზოტის ქარხანას უკავშირდებოდა, რომელსაც ევტუშენკოვის კორპორაციისგან მილიონ დოლარამდე კრედიტი ჰქონდა აღებული და გასტუმრებას ვერ ახერხებდა. რაც შეეხება ალი უზდენოვს, ვისზეც ასევე ფარულ ჩანაწერშია საუბარი, ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენელი პრემიერ ღარიბაშვილს არ შეხვედრია.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს პრემიერისგან ელოდებიან. პარტიებში ამბობენ, რომ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები პასუხებს ითხოვს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ ოპოზიციის კითხვებს დღეს ვიცე-პრემიერმა უპასუხა. თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს მთავრობის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი უწოდა.

სოციალურ ქსელში, "კიბერ კმარას" იუთუბ არხზე , "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

დღის ამბები