27 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან​

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციის განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი სიცხადე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაში, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ხელისუფლებას დელეგაციის კიევში გაშვებას და საკითხის ადგილზე გარკვევას ურჩევს:

"მესმის, რომ მათ შეიძლება არასწორი პოზიციები ჰქონდეთ. საერთოდ, ხალხი როცა ასეთ ომშია, შეიძლება ბევრი შეცდომაც დაუშვან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვეჩხუბოთ დისტანციურად, ალბათ ჯობია დელეგაცია გავუშვათ კიევში, დაელაპარაკონ, აუხსნან, რომ მაგალითად, აფხაზეთში ომის დაწყებას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენი მთავრობა თუ აქ ზის და აქედან აკომენტარებს უკრაინელების განცხადებებს, მე ვერასოდეს ვიქნები მთავრობის მხარეს ამ სიტუაციაში, მაგრამ თუ ნაბიჯს გადადგამს, დისკუსიას გამართავს და აღმოჩნდება, რომ მაინც არაფერი გამოდის, მერე შეიძლება ვიმსჯელოთ სხვა მოტივებზე.

ამ გამოძიებიდან არ ჩანდა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. კომპანიის არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს კომპანია დიდ ფულს აგენერირებს, როგორც ცნობილია თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ივანიშვილს დასავლეთში აქვს და ასე რომ თუ რაღაცის უნდა ეშინოდეს, ალბათ ეს იქნება ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება და არა განსაკუთრებული თბილი ურთიერთობები რუსეთთან. ამიტომ, მე ამ გამოძიებას ვერ მივიჩნევ მნიშვნელოვან მიზეზად," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში და დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ საქართველომ პოზიცია უფრო დამაჯერებლად და მკაფიოდ გამოხატოს.  მისი თქმით, ეს განცხადებები ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე გავლენას, არამედ საქართველოს პერსპექტივაზეც, ამიტომ, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

 

 

დღის ამბები