"არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას," - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიო აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი.
მისივე განცხადებით, საჭიროა მეტი დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან, ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევაა ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე.
სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ პირადად ჩემი სურვილია ის, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა - ეს ჩემი გულწრფელი სურვილია.
რაც შეეხება წერილს - მეც გავეცანი მის შინაარს და ძალიან სამწუხაროა, რადგან არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას - ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეფასებები გაკეთდა. ეს არათუ გადაჭარბებული, არამედ საფუძველმოკლებული განცხადებაა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციით და ეს ჩანაწერი ჩვენმა გუნდმა გააკეთა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, გამორიცხულია. აქვე დავამატებ, რომ ეს ბუნებრივია, რომ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა და ვფიქრობ, ეს გაუგებრობა და ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ," - განაცხადა ირაკლიო ღარიბაშვილმა.