მაზნიაშვილის, ფიროსმანის, მნათობის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოძრაობის შეფერხების გარდა, გვიან ღამით მოსულმა ნალექმა დააზიანა ინფრასტრუქტურაც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა კარ-ფანჯრები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ქარმა მოგლიჯა ხეები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მათ მსგავსი სტიქია არ ახსოვთ.
ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა თბილისის ზოგიერთ რაიონში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. უხვი ნალექის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ჩუღურეთის რაიონი. პრობლემები შეექმნათ ლამისა და მნათობის ქუჩებზე მცხოვრებლებსაც. დაზიანებულია მანქანები და დატბორილია მაღაზიები.
ადგილზე მთელი ღამისა და დღის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, ჩუღურეთის გამგეობისა და თბილსერვისის წარმომადგენლები. გაწმენდილია გზები და სარდაფებიდან ამოტუმბულია წყალი. გამგეობაში ამბობენ, რომ ამ დრომდე მათ სამსახურში 300-ზე მეტი შეტყობინებაა შესული, სპეციალური კომისია კი ზარალს ითვლის.
საქართველოში რთული ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ უახლეს დღეებში დედაქალაქსა და რეგიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და მთებში მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვიოს.
უხვი ნალექის გამო გუშინ ღამით პრობლემები შეიქმნა წინამძღვრიშვილის ქუჩაზეც, გმირთა მოედანსა და ე.წ. ახალ გზაზე. ავტომობილები დაიტბორა მარცხენა სანაპიროზეც.