საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღესაც ბრალდებულის გარეშე გრძელდება.
ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები სასამართლოში რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არ დასწრების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს სათანადო ზომების მიღება და, ბუნებრივია, ვგულისხმობთ იმ სამედიცინო სერვისებს, რომელთა მიხეილ სააკაშვილისთვის გაწევა ექიმთა დასკვნების შესაბამისად არის აუცილებელი. ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ ექიმთა წერილობით მოსაზრებებს, რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების მხედველობაში მიღებას მოვითხოვთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.