04 მაისი 2024,   06:28
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში პროკურორს ბოტასი ესროლა - განსასჯელს, შესაძლოა ახალი ბრალიც დაემატოს

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ პროკურორს ბოტასი ესროლა. ინციდენტში არ ჩარეულა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული გიორგი შენგელია, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ასევე პატიმრობა შეეფარდა. წარსულში ნასამართლევი შენგელიების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. სასამართლოში მომხდარის გამო, ბექა შენგელიას შესაძლოა ახალი ბრალი წარედგინოს. ადვოკატი მის გამართლებას შესაძლო ფსიქიკური პრობლემებით ცდილობდა.

დღეს მომხდარი ინციდენტი ერთადერთი გარემოება არ არის, რის გამოც ბექა შენგელიას სავარაუდოდ ბრალი დაუმძიმდება. გამოძიების ინფორმაციით, შენგელია სამართალდამცველებს დაკავების დროს, ხელყუმბარის აფეთქებითაც დაემუქრა. სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ეს ფაქტიც უარყო და 15 აპრილს, მცხეთის პოლიციის ხელმძღვანელ პირზე თავდასხმის ბრალდებაც.

პროკურორმა პოლიციელზე თავდასხმის საქმეში ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ 15 აპრილს, პოლიციელზე თავდასხმამდე, ბექა და გიორგი შენგელიებთან ერთად, მათ მანქანაში მიხეილ ხარებავაც იმყოფებოდა. ისინი ზუგდიდიდან მოდიოდნენ, სადაც სავარაუდოდ სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ. მცხეთის მაგისტრალზე მათი ავტომობილი საპოლიციო დევნის ობიექტი სწორედ ზუგდიდში მომხდარის გამო გახდა. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, შენგელია მცხეთის პოლიციის ერთ-ერთი უფროსის ავტომობილს განზრახ დაეჯახა და ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.

ბექა და გიორგი შენგელიები სამართალდამცველებმა 20 დღიანი ძებნის შემდეგ, ვარკეთილში, ერთ-ერთ ბინაში სპეცოპერაციით აიყვანეს. მიხეილ ხარებავა კი, მანამდე ზუგდიდში დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა 30 ივნისს დაიწყება.

დღის ამბები