"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას დადებითად აფასებს, მაგრამ პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას თავად ექსპრეზიდენტი მიიღებს.
პარალელურად, ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეხება. განცხადებები პარლამენტში გაკეთდა. საკანონმდებლო ორგანოში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დღეს პოლიტიკური შეფასებებით გაიხსნა.
"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ანა წითლიძის თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება სააკაშვილისთვის შესაბამისი გარემო, მან თავად უნდა მიიღოს.
"კარგია, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა და ნახა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ახლა კონკრეტულად ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. ვთვლი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარემო, სადაც ის შეძლებს სათანადო მკურნალობის მიღებას იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა არ იყოს კრიტიკული. ამიტომ, სად იქნება კონკრეტულად ეს გარემო - თვითონ უნდა გადაწყვიტოს," - ამბობს წითლიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის ეკატერინე ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილის პოზიცია კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დადებითია იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნდება მისი მონახულების არსებული სისტემა.
"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და ის თავად ამას ძალიან კარგად და რეალურად აფასებს, მაგრამ ის ამბობს, რომ მას ესაუბრნენ და უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც მას შესთავაზებენ კლინიკაში გადაყვანას, ვერცერთი მნახველი მას ვერ მოინახულებს.
თუ იმ სისტემას შევინარჩუნებთ, როგორიც აქ არის, ვთანხმდებით ერთმანეთში და ერთი შედის ხოლმე, დავიცავთ, რა თქმა უნდა ამ სტანდარტს, მაგრამ თუკი ამაზე უარს ეტყვიან, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არ იქნება გადასვლასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი," - აცხადებს ხერხეულიძე.