03 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
ფინეთი ნატო - ში გაწევრიანების განაცხადს აკეთებს - ალიანსი რუსეთს კიდევ ერთი საზღვრიდან უახლოვდება

რუსეთის კართან ნატო ახალა იმაზე ახლოს დგას, ვიდრე ამას პუტინი ელოდა. ისტორიაში პირველად, ფინეთის მოსახლეობის ორ მესამედს სურს ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდეს. სამხედრო ალიანსში შესვლის მზადყოფნა, ოფიციალურად დღეს ქვეყნის პირველმა პირებმა, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა გამოაცხადეს. ფინეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უარს აცხადებდა სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე. ნეიტრალიტეტზე უარის თქმა კი, ახლა ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო რუკაზე ბოლო დროის ყველაზე დიდი ცვლილება იქნება.

რუსეთის ქმედებები ნათელს ხდის, რომ ნეიტრალიტეტი აღარაა ფინეთის უსაფრთხოების გარანტი. ფინეთის მაგალითს შესაძლოა შვედეთმაც მიბაძოს. ორი ქვეყნის გეოგრაფიასა და სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფინეთის და შვედეთის ალიანსში შესვლა ნატოსთვის დიდი უპირატესობა იქნება. 5.5 მილიონიან ფინეთს საჭიროების შემთხვევაში 200 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება შეუძლია, რაც სულ მცირე 2 -ჯერ მაინც აღემატება გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების რიცხვს.

ფინეთი რუსეთთან 1300 კილომეტრიან საზღვარს იყოფს. როცა მეზობელი მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადია, ნატო-ს სრული წევრობის მინიჭებამდე, აპლიკაციის განხილვის პერიოდში, ფინეთს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. ოფიციალურ ჰელსინკს დაცვის პირობა შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკვე მისცეს. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ ფინეთის მიღება დაჩქარებული წესით მოხდება.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებამ საქართველოს მაგალითი უნდა მისცეს.
 
ნატო შვედეთისა და ფინეთის წევრობით, რუსეთს აშკარა იზოლაციაში მოაქცევს, თუმცა ეს თავისთავად შესაძლოა გახდეს მომავალი კონფლიქტის მაპროვოცირებელიც. მუქარის გზავნილები დღეს კრემლიდან უკვე გაჟღერდა - მოსკოვი მათი თქმით სიმეტრიულ პასუხს ამზადებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ მინიშნებები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დღეს დიმიტრი მედვედევმაც გააკეთა .

ფინეთის მიმართ მუქარის გზავნილები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც ისმოდა, შესაბამისად, ქვეყანა გულხელდაკრეფილი არ იჯდა. სპორტული დარბაზი, კაფეტერია, მანქანებისთვის საპარკინგე ზონა და ბაშვებისთვის სათამაშო სივრცე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ თავშესაფრების, რაც ჰელსინკიშია. როგორც ფინეთში აცხადებენ, ეს ნაგებობები ნებისმიერ თავდასხმას გაუძლებს, მათ შორის ბირთვულსაც.

დღის ამბები