05 ივლისი 2022,   01:46
ვრცლად
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის მხრიდან აზოველებზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის პროპაგანდაა.

ანა მალიარის განმარტებით, სამაშველო ოპერაცია რთული ეტაპებისგან შედგება და ნებისმიერმა გასაჯაროებულმა ინფორმაციამ ,შესაძლოა, პროცესი და თავად მარიუპოლის მცველები დააზიანოს.

"რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკური პროცესები. შესაბამისად, ამ სამაშველო ოპერაციისა და მოლაპარაკებების დროს, სხვადასხვა ადამიანისგან განსხვავებული განცხადებები გვესმის. ისინი უნდა აღვიქვათ, როგორც რუსეთის შიდა პროპაგანდისტული მიზნისთვის გაკეთებული განცხადებები.

მესმის გრძნობების, რომლებმაც ახლა მთელი ჩვენი ქვეყანა მოიცვა, რადგან ესენი არიან ჩვენი დამცველები, ჩვენი გმირები და ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად. მესმის, რომ ყველას უნდა იცოდეს რაიმე ინფორმაცია მაინც, მაგრამ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგან სამაშველო ოპერაციას რამდენიმე კომპლექსური ეტაპი აქვს. ეს პროცესი ძალიან სენსიტიურია. ნებისმიერმა ინფორმაციამ, რომელსაც ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ, შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც თავად პროცესს, ასევე ჩვენს დამცველებს.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აქტივისტებს, მზრუნველ ხალხს, რომლებიც, ცდილობენ განახორციელონ საინფორმაციო კამპანიები კონკრეტული ადამიანის გაცვლისთვის. ხშირად ეს ართულებს მოლაპარაკების პროცესს. ამ საკითხზე პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ," - ამბობს ანა მალიარი.

აზოვის პოლკის მებრძოლის ოლეგ სუპერეკას განცხადებით, "აზოვსტალის" ქარხნიდან არა მარტო აზოვის პოლკის, არამედ 21-ე და 36-ე ბრიგადების წარმომადგენლებიც გაიყვანეს.

​""აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფთაგან ბევრი გაიყვანეს. სხვათა შორის, არა მხოლოდ აზოვის ბატალიონის, არამედ 21-ე და 36-ე ბრიგადების წარმომადგენლებიც, შესაძლოა, სხვა ნაწილებიდანაც. ესენი ყველა დაჭრილები არ არიან, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

ჯერჯერობით, ბევრი სიახლე არ გვაქვს, ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან და ზოგიერთს სამედიცინო დახმარება უტარდება, სამწუხაროდ, ეს არის მთელი ინფორმაცია, რაც გვაქვს," - აცხადებს ის.

დღის ამბები