06 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
უკრაინაში გასამართლებული პირველი რუსი სამხედრო - რა ელის 21 წლის ჯარისკაცს და რა კვალს ტოვებენ პუტინის ჯარისკაცები უკრაინულ მიწაზე 

ვადიმ შიშიმარინი ახლა ომის ყველაზე ცნობილი დამნაშავეა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას სხვა ასეულობით რუსი სამხედროსგან ის განასხვავებს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გამოააშკარავეს და გაასამართლეს.

ბუჩა, სუმი, ირპენი, ჩერნიგოვი, ხარკოვი - ამ და სხვა ქალაქებში უკვე გამოვლენილმა ომის დანაშაულებმა ასეულობით ტომი შეადგინა. გამოძიების მასალებში, რუსი სამხედროების სასტიკი ქცევა სამი ძირითადი ფორმით ვლინდება - მკვლელობა, წამება და გაუპატიურება. ომის დანაშაულები იმდენად აშკარა და ხშირია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფორმალურ გამოძიებას, რუსული საგამოძიებო უწყებებიც კი იწყებენ. ეს ინფორმაცია უკრაინული დაზვერვის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში დასტურდება. დიალოგში ორი რუსი ჯარისკაცი მძიმე დანაშაულებზე, მათ შორის 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაზე საუბრობს.

სამხედრო დამნაშავეების ნაწილს, ვინც ტყვედ ჩავარდა, მათ შორის დღეს გასამართლებულ ვადიმ შიშიმარინსაც, უკრაინული ციხისგან თავის დაღწევის ერთი შანსი აქვთ და ეს საჯაროდ უკვე ითქვა. უკრაინა რუსეთს მათ გაცვლას მარიუპოლის მცველებში სთავაზობს, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნიდან გასვლის შემდეგ, ახლა საოკუპაციო ძალის ხელში არიან.

"აზოველების" გაცვლას, მოსკოვს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკშიც სთავაზობენ, თუმცა როგორც "რია ნოვოსტისთან" პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, ეს საკითხი არ განიხილება.

ტყვეების გაცვლა ერთადერთი საკითხია, რომელზეც ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები რთულად, თუმცა მაინც მიმდინარეობს. პარალელურად, ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. საოკუპაციო ჯარი ამ ეტაპზე აქცენტს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე აკეთებს. პერიოდულად სარაკეტო დარტყმები ხორციელდება სხვა ოლქებშიც. მათ შორის ძლიერი აფეთქებები იყო გამთენიისას ჟიტომირში. არის მსხვერპლი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან უკვე სამი თვე სრულდება. როგორც უკრაინის პირველი პირები ამბობენ, ახლა ომის მესამე და გადამწყვეტი ფაზაა დაწყებული. ქვეყანა პარტნიორებისგან სამხედრო დახმარებას და შეიარაღებას ყოველდღიურად იღებს. ნგრევისა და დანაკარგების მიუხედავად, უკრაინა დათმობებზე წასვლას არ განიხილავს. ამ ფონზე, აგრესიას არ წყვეტს რუსეთი და ამას კვლავ განმათავისუფლებელი მისიით ნიღბავს.

არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როდესაც რუსეთის წარმომადგენლები პუტინის პოლიტიკას ღიად ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი ასეთი, გაერო-ს ჟენევის ოფისში, რუსეთის მისიის მრჩეველი ბორის ბონდარევი აღმოჩნდა. მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები