ავტობუსის გაჩერებაზე ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
მამაკაცი, რომელმაც ავტობუსის გაჩერებაზე თბილისში არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ყოფილ მეუღლეს დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დანაშაული აღიარა. მას ბრალი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაშიც ედება.
ბრალდებულმა ლევან ასლანიშვილმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეცვალა პოზიცია, ის მანამდე დუმილის უფლებას იყენებდა. მან თქვა, რომ ყოფილი მეუღლის პირადი ცხოვრება არ მოსწონდა და სწორედ ამიტომ მიაყენა მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრალდებულმა თავად დასდო დაზარალებულს ბრალი უმძიმეს დანაშაულში.
ლევან ასლანიშვილის განცხადებით, თამარ ჭეიშვილი წლების განმავლობაში ჩადიოდა დანაშაულს საკუთარი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ასლანიშვილს პატიმრობა შეეფარდა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულის მამაც, რომელსაც არ სჯერა შვილის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის.
ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ პრიმა", "ვ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.