22 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კადრებში კაკულიები არიან, სრულ აბსურდად მიმაჩნია - ადვოკატი

"კურიერში" გასული ექსკლუზიური კადრების შემდეგ, ძმების, დათო და გუგა კაკულიების ადვოკატი პირველ განცხადებას აკეთებს.

დაკავებულების ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ ვიდეოში ასახული პირები მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან. დღეს ის ციხეში ბრალდებულებს შეხვდა.

"მათ ამ ვიდეოკადრებს ხილვის საშუალება არ ჰქონიათ, თუმცა რომც ჰქონოდათ, რაიმე განსხვავებულ რეაქციას არ მოველოდები, ვინაიდან გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კადრებში კაკულიები არიან, სრულ აბსურდად მიმაჩნია. შეუძლებელია ჩაფხუტით, თვალის ჭრილით ამოიცნო ადამიანი თუ ვინ არის. ეს არის ალბათ კონკრეტული ადამიანის პირადი მოსაზრება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ რეალობისგან საკმაოდ შორს დგას," - ამბობს კაკულიების ადვოკატი გიორგი ანთაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველა გარემოება გამოკვლეული იქნება:

"ისინი არიან დაკავებულები და ბრალი აქვთ წაყენებული, როგორც მკვლელობის მცდელობის, ასევე საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ყველა ის გარემოება, რომელიც დაკავშირებულია საზღვრის უკანონო კვეთასთან და ასევე დანაშაულის ჩადენასთან, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. გამოძიების საგანია, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი,"- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

დღის ამბები