30 აგვისტო 2026,   23:29
ვრცლად
როდის დასრულდება მარიჯანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა, სადაც კუთვნილ ფართებს მესაკუთრეები უკვე 16 წელია ელოდებიან

სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულების თემა იქამდე იქნება აქტუალური, სანამ ბოლო მოქალაქე არ მიიღებს ბინას. არიან ოჯახები, რომლებმაც კუთვნილი ბინის მიღების იმედიც კი დაკარგეს, რადგანაც პროცესი ძალიან ხანგრძლივი იყო.

ასეთი ისტორია აქვთ მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინების მესაკუთრეებსაც. დაახლოებით 16 წლის წინ, 433 ოჯახს ახალი საცხოვრებელი უნდა ჰქონოდათ, თუმცა სამშენებლო კომპანიამ პირობები ვერ შეასრულა. შარშან მერიის შუამავლობით, პროცესში სხვა სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

რამდენ ხანში მიიღებენ კუთვნილს მესაკუთრეები? ამ თემაზე "დილა მშვიდობისა საქართველოს" ბიზნეს რუბრიკაში  კომპანია ""Next Door""- ის მმართველმა პარტნიორმა, ანა გოგიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სამშენებლო ობიექტზე კოეფიციენტის მინიჭება გასული წლის აგვისტოში მოხდა. პროექტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში კი კომპანიამ შენობა შეფუთა და დაიწყო იმ ზედა სართულების მოხსნა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.

როგორც ანა გოგიშვილი ამბობს, სამუშაოების დროებით შეჩერება, ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნის გამო მოუწიათ, სადაც რამდენიმე მეზობლის ზარი შევიდა, რომლებსაც სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ.

"Next Door"-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიულმა პროცესებმა, არ უნდა შეაფერხოს დემონტაჟის სამუშაოები, რადგან დაზიანებული ნაწილიდან ბეტონი ცვივა და საფრთხის შემცველია, მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ კი, კომპანია შენობის სრულ დემონტაჟს გეგმავს, რადგან მთავარი პრობლემა სწორედ საძირკველშია - ეს არის აგრესიული გრუნტის წყლები და არასწორი ბეტონი.

ანა გოგიშვილის თქმით, ბიუროკრატიულ პროცედურებთან ერთად, მესაკუთრეების მოძიებაც მიმდინარეობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ პროცედურები  დროულად დასრულდება და კომპანია პროექტის სრულმასშტაბიან განხორციელებას დაიწყებს, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელია, ბინის მესაკუთრეები კი კუთვნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

დღის ამბები