საქართველოს პრემიერ-მინისტრ განცხადებით, იორდანიაში, საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტზე მიმდინარე კვირაში კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა, დავიწყო იორდანიის ვიზიტით. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროექტი, გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, 10 მეტრში და დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს უკვე შექმნილი, სადაც ჩართული იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, ამ კვირაში შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ, დავიწყოთ უკვე მუშაობა კონცეფციაზე, პროექტირებაზე. როგორც კი იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება აქტიური სამუშაოები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში, პროექტირებაზე მუშაობა და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს უკვე დავიწყოთ იქ სამუშაოები. ეს არის ჩვენი გეგმა და ამის თაობაზე პერიოდულად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 მაისს საქართველოს იორდანიაში ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.