"აბსოლუტურად აბსურდული ინფორმაცია გვესმის მათი მხრიდან, რომ თითქოს ოპოზიციის ლეგიტიმაცია სჭირდება ხალხის მიერ არჩეულ ძალას, იმისთვის, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყოს", - ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციის განცხადებების შესახებ გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს.
"გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, სიცრუეში აცხოვრონ მთელი საქართველოს მოსახლეობა და მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საქართველოს სამართლებრივ სისტემას, არამედ ზოგადად, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს. აბსოლუტურად აბსურდული ინფორმაცია გვესმის მათი მხრიდან, რომ თითქოს ოპოზიციის ლეგიტიმაცია სჭირდება ხალხის მიერ არჩეულ ძალას, იმისთვის, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყოს. ეს არის არათუ არაპროფესიონალიზმი, არამედ - მავნებლობა. საქმე გვაქვს სამართლებრივ აბსურდთან, რომელიც გარდა იმისა, რომ არაპროფესიონალი, რადიკალი ვითომ იურისტებისგან გვესმის, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობა მუდმივ სტრესსა და სიცრუეში ამყოფონ," - აცხადებს მაია ბითაძე.