კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური მატარებელი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მთავარი დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობაა.
"ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. რაც შეეხება სტატუსს, მე ვარ ანგარიშვალდებული ჩვენს ხალხთან, რომ მათ ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური მატარებელი. ანუ რეალურად ამ სტატუსის მონიჭებით, მე რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის და ჩვენს ინტერესებშია და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, არის უვიზო რეჟიმი, არის თავისუფალი ვაჭრობა. ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც 50%-ით არის შესრულებული უკვე, 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის.
ჩემთვის მთავარია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლოა და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80% არის მომხრე ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანებისა. ეს არის აღმაშფოთებელი, იმიტომ, რომ მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.