თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მოთხოვნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს - ამბობს, რომ სტუდქალაქის გაფართოებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება გამოცდების რეგიონებში ჩატარებას განსხვავებული ფორმატით, ეს მოთხოვნა მათთვის გაუგებარია.
"კურიერი" იმყოფებოდა იმ სოციალურ საცხოვრისებში, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ და რომელთა გაფართოებასაც ისინი ითხოვენ.
"ჩვენთან აკადემიური პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა ფაკულტეტზე, მათ შორის ჰიბრიდულ რეჟიმში რაც იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული.
რაც შეეხება გამოცდებს, არის დასწრებულ ფორმატში, დამატებითი შესაძლებლობა არის საერთო საცხოვრებლები, სადაც გამოცდების პერიოდში სტუდენტებისთვის უფასო ცხოვრება არის. ამ პერიოდში მხოლოდ 7 განაცხადი გვაქვს მიღებული და შვიდივე არის დაკმაყოფილებული.
ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს ან ქუთაისში, ან ახალციხეში ჩასვლას შეუძლია გამოცდების პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ საერთო საცხოვრებელში იცხოვროს,"-აცხადებს თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი.
მეხუთე დღეა სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორიას არ დატოვებენ მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას ითხოვენ. სტუდენტების მეორე ნაწილი კი, პროტესტის ამ ფორმას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ისინი ძალადობის წინააღმდეგი არიან.