19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
21 გარდაცვლილი, 2 ამ დრომდე დაკარგული ადამიანი - 13 ივნისის ტრაგედია, რომელმაც 7 წლის წინ მთელი საქართველო გააერთიანა

7 წლის წინ ქუთაისიდან თბილისში მეგობრის სანახავად ჩამოსულმა სერგო კაპანაძემ ერთი ჟღალთმიანი გოგო გაიცნო და დედაქალაქს დაგეგმილზე დიდხანს შემორჩა. ზაფხულის გადაუღებელმა წვიმამ კი მისი კვალი გააქრო. გამზრდელი დეიდა 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს, როდესაც სერგოს ფოტო ტელეეკრანზე დაკარგული ადამიანების გვერდით დაინახა.

სერგო კაპანაძესთან ერთად ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ბექა ბუთურიშვილი. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე სტიქიურ უბედურებად იქცა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა, ჩანაწერს სტატისტიკაც დაერთო: 21 გარდაცვლილი, 200-ზე მეტი დაზარალებული ოჯახი, ორი ამ დრომდე დაკარგული ადამიანი და გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველი ზურა მუზაშვილი, რომელმაც 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო. სახანძრო ტექნიკურ მუზეუმში დღეს ზურას ის ჩაფხუტი და ნივთები ინახება, რომელიც მას 13 ივნისს ღამეს ჰქონდა. მასთან ერთად წყვილში ადამიანების გადარჩენას ლევან კალაძე ცდილობდა.

სტატისტიკა ასევე ითვლის იმ ასეულობით ცხოველის ზედმეტსახელს, რომელმაც ზოოპარკის ტერიტორიიდან ვერ გამოაღწია. დღეს ზოოპარკში მშობლებს ბავშვები მოჰყავთ, მათი დიდი ნაწილი 13 ივნისის ტრაგედიაზე მცირე ხნისაა და შესაძლოა მათ არც კი სმენიათ ერთხელ წვიმამ როგორ დააფრთხო აქ ცხოველები. ვოლიერებიდან გაქცეულებს კი მთელ ქალაქში ეძებდნენ.

ხელთათმანები იმ დღეებში ერთ-ერთმა მოხალისემ გოჩა ჟღენტმა შეაგროვა და შექმნა ინსტალაცია, რომელიც 13 ივნისის მეხსიერებას ინახავს. ათასობით მოხალისე ერთად ორგანიზებულად მუშაობდა, ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. ზოგი ქუჩებს ნაგვისგან წმენდდა, ზოგს საკვები მოჰქონდა, ზოგს კი პირადი მოხმარების ნივთები, მოხალისეთა შორის იყო კოტიკო ბოკუჩავა, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ ამ ტერიტორიაზე პირველად მოსვლა ორი დღის წინ შეძლო.

ფიზიკურად მუშაობდა მეგობრებთან ერთად იმ დღეებში მოქანდაკე ერეკლე წულაძეც, რომელმაც ჩვენი ქალაქისთვის 13 ივნისის სიმბოლოს ბეჰემოთი ბეგის ქანდაკება შექმნა. ბეგიმ 7 წლის წინ თითქმის ყველა საერთაშორისო გამოცემის ყდა დაიპყრო. ვრცელდებოდა მისი კადრები და ფოტოები. თანამედროვე სამყაროში ის ალბათ ერთადერთი ბეჰემოტია, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ადამიანებთან ერთად ისეირნა. ერეკლე წულაძის ქანდაკებას სარკის ეფექტი აქვს, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს დაინახოს საკუთარი თავი და ნამუშევართან ჰქონდეს ინტერაქცია.

ჩვენს ცნობიერებაში ყოველთვის იქნება 13 ივნისი, წვიმის დღე, როცა ცა გაიხსნა და ბუნების წინაშე ადამიანები უძლურები აღმოჩნდნენ. ყოველთვის იარსებებს თარიღი ტრაგედიის და ასევე ადამიანების ერთიანობის. ის იშვიათი ეპიზოდი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ერთმანეთის მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატეთ და ერთმანეთს კრიტიკის გარეშე, უბრალოდ დავეხმარეთ.

დღის ამბები