19 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
ვაშინგტონში რამსფელდის ფონდის რეგიონულ ფორუმში 10 ქვეყნის წარმომადგენლები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

რამსფელდის ფონდის მიერ დაარსებულ რეგიონულ ფორუმში, რომელმაც ვაშინგტონში დღეს დაიწყო მუშაობა, ამერიკელი სპეციალისტები და რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ერთ-ერთი მთავარი თემა, ფორუმზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიაა. ვაშინგტონის შეხვედრაში მომხსენებლად მიიწვიეს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, დასავლეთის პასუხზე და მოკავშირე სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე, მათ შორის ალიანსის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობენ სპეციალისტები ამერიკის კვლევითი ინსტიტუტებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.

"პუტინმა როგორღაც რომ გაიმარჯვოს კიდეც უკრაინაში, ის მაინც წაგებულია. იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება, რუსეთში კრიზისი მაინც იქნება. იცით, ყველაზე მეტად ვინ იტანჯება? - რუსები. უნადგურდებათ კულტურა, ხალხი, ეროვნული იდენტობა. ვფიქრობ, რუსები გააცნობიერებენ რაც ხდება და ამას გარკვეული ცვლილებები მოჰყვება," - განაცხადა ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ფრედ სტარმა.

"დონალდ რამსფელდმა როდესაც შექმნა ეს ორგანიზაცია, 10 ქვეყნის წარმომადგენელი ყოველ წელს იკრიბება და განიხილავს რეგიონში არსებულ ვითარებას და ცდილობს ვაშინგტონის ფოკუსირებას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე. სწორედ ეს იყო დონალდ რამსფელდის ამოცანა, როდესაც ფონდმა ჩამოაყალიბა ეს ფორუმი და წელს უკრაინიდან გამომდინარე მთავარ ფოკუსში არის უკრაინა, რუსეთის საფრთხე რეგიონისთვის, საქართველოსთვის, სამხრეთ კავკასიისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" დირექტორმა ვაკო ავალიანმა.

"ჩვენ 10 ქვეყნიდან 100-მდე ადამიანი გვყავს მოწვეული. ასევე ხალხი ვაშინგტონიდან, რომლებსაც რეგიონთან დაკავშირებით ინტერესი აქვთ და აქტივობა აქვთ. სხვადასხვა საკითხია განსახილველი. ფოკუსირებას ვახდენთ ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე მედიაზე, უკრაინაზე, ავღანეთზე. ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ წლებში, რამაც რეგიონზე გავლენა მოახდინა," - აღნიშნა რამსფელდის ფონდის წარმომადგენელმა სარა ტანუჩიმ.
 

დღის ამბები