უკრაინაში ომის 125-ე დღეა. ღამით თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზე, დაიბომბა ჩრდილოეთ სალტოვკა, დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია.
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.
სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიში იქნება, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 59 მშვიდობიანი მოქალაქე. ამას გარდა, განხილული იქნება კვირას კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაც.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე წარმოადგენს ომის დანაშაულს," - აღნიშნულია განცხადებაში.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.
ამასთან, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები უკრაინას კიდევ ერთხელ უდასტურებენ მხარდაჭერას და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას.