15 ნოემბერი 2024,   13:05
ვრცლად
ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი არ არის მისაბაძი, საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა - იაგო ხვიჩია

ფიზიკური დაპირისპირებას "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

"​რაში უნდა დასჭირვებოდა ვატო წერეთელს დეპუტატებზე გალაშქრება. შენ, დეპუტატი რომ ასე იქცევი, რა მაგალითს აძლევ სხვას?! ძალადობის წახალისებაა ჩვეულებრივ," - განცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მომხდარ ინციდენტს თავად არ შესწრებია, შესაბამისად, უჭირს შეფასება.

"ძალიან გული მწყდება რომ ამ ინციდენტს არ შევესწარი, მაგრამ რადგანაც არ შევსწრებივარ, მიჭირს მასზე საუბარი, ვაითუ ეგრე არ იყო და პირიქით ყოფილიყო, ან საერთოდ სხვა რამე ყოფილიყო. თითი როგორ დავადო ვინმეს. საქართველოს ტერიტორიაზე რომ ეჩხუბათ ალბათ უკეთესი იქნებოდა. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი ამდენი ხალხის თანდასწრებით, მე მგონი მაინც არ არის მისაბაძი. საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა, თუ რამეა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​მმართველ გუნდში კი პროვოკაციაზე საუბრობენ.

"იქ მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი. ნერვებმა უმტყუნა ადამიანს, ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. ამის ახლა ისე წარმოჩენა, რომ იქ გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და მასზე იძალადა, ეს არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ, რაც იყო რეალობა. შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, შესაბამისად, მან ვერ მოითმინა და ამ გზით დაიცვა საკუთარი ღირსება," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.

დღის ამბები